რა არის პრესბიოპია?
რა არის პრესბიოპია?
პრესბიოპია არ არის დაავადება — ეს არის ასაკთან დაკავშირებული ბუნებრივი ცვლილება თვალში, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს ახლო მანძილზე ხედვა — მაგალითად, წიგნის კითხვა, ტელეფონის გამოყენება ან წვრილი ტექსტის გარჩევა.
პრესბიოპიის დროს ბროლი კარგავს ელასტიურობას, რის შედეგადაც სინათლე ბადურაზე სწორად ვეღარ ფოკუსირდება, გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად თვალშიგა აკომოდაციური კუნთი — ცილიალური კუნთი კარგავს მოქნილობას, რაც ასევე ხელს უწყობს ახლო მანძილზე ფოკუსირების გაძნელებას.
პრესბიოპია ჩვეულებრივ იწყება:
-
40–45 წლის ასაკში
-
ნელა პროგრესირებს
-
დროთა განმავლობაში ახლოს ხედვა უარესდება
რა სიმპტომები აქვს?
პრესბიოპიის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
-
დისტანცია: წიგნის ან ტელეფონის შორ დისტანციაზე გაწევის საჭიროება
-
დაბინდვა: საკითხავ მანძილზე კითხვისას ტექსტის დაბინდვა
-
დაღლილობა: თვალების სწრაფი დაღლა კითხვისას
-
ტკივილი: თავის ტკივილი ხანგრძლივი კითხვის შემდეგ
-
განათება: უკეთესი ხედვა კარგ განათებაში
სიმპტომები ხშირად ნელა იწყება და დროთა განმავლობაში ძლიერდება.
ვის ემართება?
პრესბიოპია:
-
ემართება ყველას
-
არ არის დამოკიდებული: მიოპიაზე (მინუსი), ჰიპერმეტროპიაზე (პლუსი) ან ასტიგმატიზმზე.
მაგრამ მნიშვნელოვანია:
-
შორსმხედველებს (პლუსიანებს) ხშირად შედარებით უფრო ადრე აწუხებთ.
-
ახლომხედველებმა (მინუსიანებს) შეიძლება ცოტა გვიან შეამჩნიონ დისკომფორტი.
როგორ მკურნალობენ პრესბიოპიას?
პრესბიოპია არ იკურნება მედიკამენტებით, მისი კორექციის რამდენიმე გზა არსებობს:
1. სათვალე
ყველაზე გავრცელებული და უსაფრთხო გზა:
-
საკითხავი სათვალე
-
ბიფოკალური სათვალე
-
პროგრესული სათვალე
2. ქირურგიული მეთოდები
-
ლაზერული კორექცია: LASIK Monovision-ის დროს წამყვანი თვალის კორექცია ხდება შორი მანძლისთვის, ხოლო მეორე (არაწამყვანი) თვალის — ახლო მანძლისთვის. შესაბამისად, ორივე თვალით ყურებისას ადამიანი არ საჭიროებს სათვალეს არც ერთ მანძილზე.
-
ინტრაოკულარული ლინზები: ამ დროს ქირურგი იყენებს მულტიფოკალური ტიპის ლინზებს, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს დაინახოს შორ, საშუალო და ახლო მანძილზე უსათვალოდ.
👉 გახსოვდეთ: ყველა მეთოდი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ექიმთან ერთად.
სტატიის ავტორი: შუშანიკ ლომიძე