რა არის ბადურის ჩამოცლა/ბადურის ჩამოშლა?
რა არის ბადურის ჩამოცლა/ბადურის ჩამოშლა?
ბადურის ჩამოცლა არის თვალის სერიოზული მდგომარეობა, როცა ბადურა (თვალის უკანა კედელზე მდებარე გამჭირვალე, სინათლისადმი მგრძნობიარე გარსი) შორდება თავის ბუნებრივ ადგილს.
ბადურის ძირითადი ფუნქციები:
-
სინათლის აღქმა — ბადურა იღებს თვალში შემოსულ სინათლეს.
-
ინფორმაციის გადაცემა — სინათლის გარდაქმნა ნერვულ იმპულსებად და ინფორმაციის გადაცემა ტვინში მხედველობის ნერვის საშუალებით.
-
ფერების გარჩევა — კოლბების დახმარებით.
-
სიბნელეში ხედვა — ჩხირების მეშვეობით.
-
მკვეთრი და დეტალური ხედვა — ბადურის ცენტრში მდებარე მაკულა უზრუნველყოფს სახეების, ტექსტის და საგნების აღქმას.
-
პერიფერიული ხედვა — გვაძლევს სივრცეში ორიენტაციის საშუალებას.
ბადურის ჩამოცლის გამომწვევი მიზეზები
ბადურის ჩამოცლის მიზეზი შესაძლოა იყოს:
-
ასაკობრივი ცვლილებები: ასაკთან ერთად თვალის შიგნით არსებული მინისებური სხეული იკუმშება და შესაძლოა ბადურა მოქაჩოს.
-
ბადურის ნახეთქი.
-
მაღალი მიოპია (ახლომხედველობა).
-
გენეტიკური მიდრეკილებები ან დაავადებები, როგორიცაა მაგალითად შაქრიანი დიაბეტი.
-
თვალის ტრავმები.
სიმპტომები: როგორ ამოვიცნოთ ბადურის ჩამოცლა?
ბადურის ჩამოცლის ამოცნობა შეიძლება ადრეული ნიშნებით, რომლებიც ჩნდება უცბად და უმტკივნეულოდ:
-
უეცარი ნაპერწკლების გაჩენა ან ციმციმი თვალში, განსაკუთრებით სიბნელეში.
-
მრავლად გაჩენილი შავი წერტილები ან ძაფები.
-
ჩრდილი ან ფარდა, რომელიც გვერდიდან ან ზემოდან ეშვება.
-
მხედველობის მკვეთრი გაუარესება.
მნიშვნელოვანია: ტკივილი ჩვეულებრივ არ არის, ამიტომ ბევრი ადამიანი აგვიანებს ექიმთან მისვლას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გადაუდებელი მდგომარეობა. დროული მკურნალობის გარეშე ბადურის ჩამოცლამ შეიძლება სრული სიბრმავე გამოიწვიოს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკური მეთოდები:
-
თვალის ფსკერის მიკროსკოპით დათვალიერება.
-
ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია — OCT.
-
ულტრაბგერითი კვლევა (B-scan).
მკურნალობის მეთოდები:
მკურნალობა დამოკიდებულია ჩამოცლის ზომასა და ადგილმდებარეობაზე, მაკულას ჩართულობაზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. გამოიყენება:
-
ლაზერული ფოტოკოაგულაცია: თვალის კლინიკაში „ახალი მზერა“ ვიყენებთ NIDEK GYC-500 Vixi, რომელიც გამოიყენება ბადურის პათოლოგიების დროს ლაზერული ფოტოკოაგულაციისათვის. პროცედურის ზედმიწევნით ზუსტად ჩასატარებლად მოწყობილობაში ინტეგრირებულია მზა თარგები („პატერნები“), რომელთა გამოყენებითაც პროცედურის ხანგრძლივობა მინიმუმამდეა შემცირებული, მკურნალობის შედეგად კი მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა. ფოტოკოაგულაციის პროცესში ოფთალმოლოგი თავად ირჩევს თარგს თითოეული კლინიკური შემთხვევის შესაბამისად და თავად არეგულირებს ლაზერკოაგულატების ლოკაციასა და მათ შორის მანძილს. პროცედურის სისწრაფე მინიმუმამდე ამცირებს მკურნალობის სესიების რაოდენობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცედურა მაქსიმალურად დამზოგველია ბადურა გარსის ქსოვილებისათვის.
-
კრიოპექსია
-
ვიტრექტომია (ოპერაციული მეთოდი)
შეჯამება
ბადურის ჩამოცლის შემთხვევაში მთავარი ფაქტორი არის დრო — რაც უფრო ადრე ხდება ჩარევა, მით მეტია მხედველობის შენარჩუნების შესაძლებლობა. სიმპტომების აღმოჩენისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ოფთალმოლოგს.
სტატიის ავტორი: ნინო ჩოხელი