კერატოკონუსი - რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ?
კერატოკონუსი - რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ?
შესავალი
მხედველობა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ნებისმიერი ცვლილება თვალებში ხშირად შფოთვას იწვევს.
კერატოკონუსი არის თვალის დაავადება, რომელიც შეიძლება უცნობი და დამაფრთხობელი ჟღერდეს, მაგრამ სწორი ინფორმაციისა და დროული მკურნალობის შემთხვევაში მისი კონტროლი შესაძლებელია. ამ სტატიაში მარტივი და გასაგები ენით არის ახსნილი, რა არის კერატოკონუსი, როგორ ვლინდება, როგორ დიაგნოსტირდება და რა მკურნალობის გზები არსებობს.
რა არის კერატოკონუსი?
კერატოკონუსი არის თვალის წინა, გამჭირვალე სფერული ნაწილის - რქოვანას დაავადება. რქოვანა პასუხისმგებელია სინათლის სწორად გარდატეხაზე და მკაფიო ხედვაზე.
კერატოკონუსის დროს:
-
რქოვანა თანდათან თხელდება;
-
არათანაბრად გამოიზნიქება წინ;
-
იღებს კონუსისებურ პროფილს.
მისი ფორმისა და სისქის ცვლილება ცვლის ოპტიკურ და გარდამტეხ თვისებებსაც, რაც მხედველობის გაუარესების მიზეზი ხდება.
როგორ ვლინდება კერატოკონუსი?
კერატოკონუსი უმეტესად 15-17 წლის ასაკში იწყება და როგორც წესი 40-45 წლამდე პროგრესირებს. დაავადების სიმპტომებია:
-
მხედველობის სიმახვილის შედარებით სწრაფი დაქვეითება;
-
სათვალეების ან კონტაქტური ლინზების ხშირი ცვლა;
-
სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა;
-
სინათლის წყაროს ფონზე „შარავანდედის“ და „ანარეკლის“ არსებობა.
რა იწვევს კერატოკონუსს?
სადღეისოდ კერატოკონუსის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლო რისკ-ფაქტორებად მიიჩნევა:
-
გენეტიკური მიდრეკილება;
-
ზოგადი ალერგიული ფონი;
-
თვალების ხშირი სრესა;
-
კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი და არასწორი მოხმარება;
-
მზის ულტრაისფერი სხივების გავლენა;
-
„მშრალი თვალის“ სინდრომი.
როგორ დიაგნოსტირდება?
კერატოკონუსის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია მისი პროგრესირების შესაჩერებლად და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად. დიაგნოსტიკა მოიცავს:
-
ანამნეზის დეტალურ შესწავლას;
-
მხედველობის სრულ შემოწმებას;
-
რქოვანას ტოპოგრაფიას და ტომოგრაფიას.
რქოვანას ტოპოგრაფებს, რომელიც იძლევა რქოვანის მრავალი სხვადასხვა პარამეტრის (სისქის, სიმრუდის წინა და უკანა ზედაპირის მახასიათებლებს) დეტალური შესწავლის საშუალებას, კერატოკონუსის დიაგნოსტირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
მკურნალობა
კერატოკონუსის მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების პროგრესირების შეჩერებას.
-
I-II სტადიებზე მიზანშეწონილია რქოვანას „ქროს-ლინქინგი“: წინასწარ რიბოფლავინით (ვიტამინი B12) გაჯერებულ რქოვანაზე ულტაისფერი სხივით ზემოქმედება. უმტკივნეულო და ტექნიკურად მარტივი პროცედურა.
-
II-III სტადიებზე — რქოვანას სისქეში რკალების იმპლანტაცია: რქოვანას სისქეში წინასწარ, ინდივიდუალურად გათვლილი პარამეტრების მაღალი ბიოთავსებადობის მქონე ორგანული იმპლანტების 1 ან 2 სეგმენტის ჩანერგვა.
-
IV სტადიაზე — შორსწასულ შემთხვევაში რქოვანას შრეობრივი ან გამჭოლი გადანერგვა: პაციენტის რქოვანა გარსის დონორის რქოვანა გარსით შეცვლა.
ყველა ზემოთ ნახსენები ოპერაცია კეთდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა, რის შემდეგაც პაციენტი განაგრძობს მისთვის ჩვეულ ყოველდღიურ საქმიანობას.
ამრიგად
კერატოკონუსი მართვადი დაავადებაა დროული დიაგნოზისა და სწორი მკურნალობის პირობებში.
სტატიის ავტორი: ნიკა გაგუა